ქალთა სახეები სკანდინავიურ მითოლოგიურ პანთეონში ))))

ფრიგი –

068c316a7286156990d51c6889be88e05a1c62f59229e439ad0fd4877397ffd4_1

– სიყვარულის ქალღმერთი გერმანო-სკანდინავიურ მითოლოგიაში. იყო ოდინის მეუღლე, ასთა ოდგმის წარმომადგენელი უმაღლესი ქალღვთაება.  მფარველობდა ოჯახს, კერას, ბავშვთა შობადობას და ა.შ. დაჯილდოებული იყო წინასწარმეტყველების უნარით, თუმცა არასოდეს არავის უზიარებდა ამას. ფრიგის დედა იყო დედამიწის ქალღმერთი ფიორგიუნი, მამა კი ნატი – გოლიათთა მოდგმიდან. ფრიგსა და ოდინს ჰყავდა სამი ვაჟი – ბალდრი, ჰიოდი და ჰერმოდი. ფრიგის დამხმარე და მოახლე იყო მისი და ფულა, ასევე ჰყავდა მოციქულები, რომლებსაც ადამიანებთან აგზავნიდა, როცა ისინი დასახმარებლად ეძახდნენ. მათი სახელებია გნა და გლინი. ვარაუდობენ, რომ შეიძლება ისინი არ იყვნენ დამოუკიდებელი არსებები და უბრალოდ ფრიგის ჰიპოსტასებს წარმოადგენდნენ. ფრიგის სიმბოლიკაში შედის სართავი დაზგა და ასევე ქამარი, რომელზედაც ჩამოკიდებულია გასაღებების აცმა. ზოგიერთ წყაროში ფრიგს უწოდებენ ელენესაც, რაც ნიშნავს ცეცხლს. ქალღმერთის საპატივცემულოდ 1862 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს დაარქვეს ფრიგგა. ასევე გერმანიკულ ენებში პარასკევის აღმნიშვნელი სიტყვაც ფრიგს უკავშირდება. Freitag, Friday და ა.შ.  ასევე აკავშირებენ ფრიგს ფრეიასთანაც, რომელიც იყო ვანების წარმომადგენელი. ამ უკანასკნელებმა დაუთმეს ადგილი ასებს, ამაზე სხვა პოსტში გვქონდა საუბარი :)))

 

ფრეია, ფრეა

freya_by_penrose

– ნაყოფიერების, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი. როგორც ვთქვით ის ვანთა მოდგმიდანაა. მისი მამა ნერდი (მიწის ღვთაება) ოდინმა იშვილა მას შემდეგ, რაც ვანებმა და ასებმა ზავი დადეს. ასგარდში ფრეია ფრიგის შემდეგ პირველი ქალღმერთია. სილამაზით ისი სადარი ქვეყნად არავინ მოიძებნებოდა, როგორც ღმერთებს, ისე ადამიანებს შორის. მას შეეძლო გადაქცევა შევარდნად და ფრენა, ასევე ჰქონდა ჯადოსნური ყელსაბამი ბრისინგამენი. მისი საკუთრება გახდა მაშ შემდეგ რაც ღამე გაატარა ოთხ გნომთან :))) ფრეია იყო ასევე ვალკირიების წინამძღოლი, მგზავრობდა ეტლით, რომელშიც შებმული იყო ორი უზარმაზარი კატა. შინაურ ცხოველად ჰყავდა უზარმაზარი ტახი – ჰილდისვინი, რომელიც სინამდვილეში მისი შენიღბული საყვარელი  სახელად ოთთარი იყო. ფრეიამ ის სპეციალურად გადააქცია ტახად, რომ მუდამ გვერდით ჰყოლოდა. სიყვარულის გარდა ფრეია მფარველობდა მოსავლიანობას, ნაყოფიერებას. ითვლებოდა ომში გამარჯვების მომტანადაც. რის გამოც ომში დაღუპული მეომრების სულების ნახევარი მას თავისთან მიყჰავდა. (დანარჩენი ოდინის საკუთრებაში გადადიოდა:)))

ფრეია ცოლად გაყვდა ადამიანს, სახელად ოდს. ზოგ წყაროებში მას ოდინსაც უკავშირებენ. ერთხელ ოდი ძალიან დიდი ხნით გადაიკარგა, ფრეია უკვე ქვრივად ითვლებოდა. ფრეიამ ტირილი დაიწყო და მისი ცრემლები ოქროდ იქცეოდნენ. მან კატები შეაბა ეტლში და გაეშურა ქმრის მოსაძებნად. მოიარა ყველა ცა, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო.

 

 

ჰელი – ჰელჰეიმის, მიცვალებულთა სამეფოს მეუფე

x6mdpzdwlw0

ის იყო ერთერთი იმ ურჩხულთაგან, რომლები იშვნენ ღვთაება ლოკისა და გოლიათ ანგრბოდას ქორწინების შედეგად. ქვესკნელში ის ერთადერთი მეუფეა, თვით ოდნიმაც კი ვერ შეძლო დაერწმუნებინა ჰელი, რომ გაეთავისუფლებინა ისი საყვარელი ვაჟი ბალდრი. მისი ძმები იყვნენ მგელი ფენრირი და გველი იორმუნგანდი. მისი სამფლობელო ჰელჰეიმი ვალჰალას სრული წინააღმდეგობა გახლდათ. აქ სიცივე, ავადმყოფობა და შიმშილი სუფევდა.  ჰელი ცოცხალი არსება იყო, მაგრამ სხეულის ნახევარი გახრწნილი გვამის ჰქონდა. მის მსახურებაში გადადიოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ავადმყოფობით და სიბერით კვდებოდნენ, ან ბრძოლაში გმირობის და თავის გამოჩენი გარეშე იღუპებოდნენ.

 

სკადი – ნადირობის ქალღმერთი

a652d2020e_81242991_o2

ის იყო ღვთაება ნერდის მეუღლე და გოლიათ ტიაცის შვილი. ღმერთებმა მოკლეს ტიაცი, რადგან მან გაიტაცა ახალგაზრდობის დამბრუნებელი იდუნის ვაშლები. სკადიმ დაიხურა მუზარადი და გაეშურა შურის საძიებლად. ღმერთებმა მას ოქრო შესთავაზეს, ხოლო სკადმა უთხრა რომ დაინდობდა მათ, თუ გააცინებდნენ და ასევე მოსთხოვა ქმარი :)) ღმერთებმა უთხრეს – შეგიძლია აირჩიო ქმარი, ოღონდ მხოლოდ მის ფეხებს დაინახავო :)) სკადმა იფიქრა, რომ ოდინის ვაჟ ბალდრს ექნებოდა ყველაზე ლამაზი ფეხები, თუმცა შეცდა და ასე აღმოჩნდა ის ნერდის ცოლი :)) ლოკმა აიღო თავის თავზე სკადის გაღიმება –  გენიტალიებზე მიიმაგრა რა თხის წვერი. ნერდი და სკადი მალე გაიყარნენ, რადგან სკადს უყვარდა მთები და მგლები, ხოლო მის მეუღლეს კი ზღვა და გედები :)) თუმცა ქალთმერთი ხშირად სტუმრობდა თავის მეუღლეს :)) და როცა ღმერთებმა მოღალატე ლოკი დაატყვევეს და გამოქვაბულში გამოკეტეს სწორედ მან მოათავსა მის ზემოთ შხამისმნთხეველი გველი. (ამაზე ოდნავ მოგვიანებით:))

 

ანგრბოდა

viking324

ლოკის მეგობარი გოლიათი ქალი, მისი მეუღლე, რომლისგანაც ყავდა სამი შვილი – ურჩხული – ფენრირი, იორმუნგანდი და ჰელი. ღმერთებმა როცა გაიგეს მათი დაბადების შესახებ გადაწყვიტეს მოეკლათ ისინი. ღამით შეიჭრნენ მათ კოშკში და ანგრბოდა და მისი შვილები ასგარდში წაიყვანეს. ოდინმა ჰელი განათავსა ჰელჰეიმში, იორმუნგანდი ჩააგდო ოკეანეში, ფენრირი კი ჯაჭვით დააბეს, რის დროსაც მან ტიურს, ოდინის ვაჟს ხელი მოაჭამა. არადა ტიურმა ხელი ნდობის ნიშნად თავად ჩაუდო ხელში, რომ საკუთარი კეთილგანწყობა ეჩვენებინა.

თითქოს ანგრბოდას შვილები აღარ იყვნენ საშიშები, მაგრამ ოდინმა იცოდა, რომ დადგებოდა დღე – რაგნაროკისა, როცა ფენრირი აიწყვიტავდა და გადაყლაპავდა მას. ოდინს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს, მას მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ რაგნაროკი არ იქნებოდა ქვეყნიერების დასასრული. მან იცოდა, რომ მისი ვაჟი ვიდარი იძიებდა შურს და მოკლავდა ფენრირს. იორმუნგანდიც მონაწილეობდა რაგნაროკში, ამ დღეს ის ამოცურდა წყლის ზედაპირზე, თუმცა დაიღუპა ჭექა-ქუხილის ღმერთ თორთან ბრძოლაში.

პ.ს. აქვე გამახსენდა ერთი სიმღერა, რომლის ე.წ. კლიპიც ასახავს ამ მოვლენებს :))

ბრუნჰილდა

b2726b7d68e46d52355690b9099b7cb6

ის ყველაზე მშვენიერი და ძლიერი იყო ვალკირიათა შორის. მან თვით ოდინი გამოიწვია – როცა მიანიჭა გამარჯვება მას, ვისაც ოდინის სურვილის მიხედვით არ ეკუთვნოდა. ოდინმა დასაჯა იგი, ღრმა ძილში ჩააგდო და დაუშვა დედამიწაზე, მძინარე ბრუნჰილდა დააწვინეს გორაკ ჰინდარფიალზე, რომელიც ცეცხლოვანი კედლით იყო გარშემორტყმული. ცეცხლის ალში გავლა შეძლო მხოლოდ სიგურდმა (გერმ. ზიგფრიდი) – სახელოვანმა გმირმა, რომელმაც დაამარცხა დრაკონი ფაფნირი. სიგურდმა გააღვიძა მძინარე ბრუნჰილდა, მათ დაქორწინება გადაწყვიტეს, თუმცა რაღაც მიზეზით სიგურდიიძულებული გახდა ბრუნჰილდა დაეტოვებინა. მან აღუთქვა ვალკირიას დაბრუნება და ამის ნიშნად ბეჭედი დაუტოვა. ეს ბეჭედი ეკუთვნოდა ჯუჯა ანდვარის და მოჯადოებული იყო, თუმცა სიგურდმა არფერი იცოდა ამის შესახებ. (ამაზე სხვა პოსტშია საუბარი)))

სიგურდი გზად ჯადოქარ გრიმჰილდას გადაეყარა, რომელმაც მას დავიწყების ელექსირი შეაპარა და დაავიწყა საცოლე. ასე შერთო ცოლად საკუთარი ქალიშვილი მშვენიერი გუდრუნი (გერმ. კრიმჰილდა). მ დროს ბრუნჰილდას ქმრობა უკვე უნდოდა გუდრუნის ძმას – მეფე გუნარს (გერმ. გიუნტერს). თუმცა ვალკირიამ დაიფიცა, რომ ცოლად გაჰყვებოდა მხოლოდ მას, ვინც ცეცხლოვან კედელს გადალახავდა, იცოდა რა, რომ ეს მხოლოდ სიგურდს შეეძლო. გუნარმა დახმარება სიგურდს სთხოვა. სიგურდმაც მიიღო გუნარის სახე და გადალახა კედელი. როცა ბრუნჰილდამ გუნარი დაინახა სხვა გზა აღარ ჰქონდა – მიიღო იგი. დრო გავიდა და როცა ეს ტყუილი გამოაშკარავდა განრისხებულმა ბრუნჰილდამ მოაკვლევინა სიგურდი. სიკვდილის წინ სიგურდს მეხსიერება დაუბრუნდა და ბრუნჰილდას უხმო. შეძრწუნებულმა ბრუნჰილდამ ყველაფრის გაგების შემდეგ თავი მოიკლა და ისინი ერთად დაკრძალეს -_-

 

 

გერდა

skyrnir_and_gerda_by_harry_george_theaker_1920

გოლიათ ჰიუმირის ქალიშვილი, მფარველობდა ნაკადულებს, მდინარეებსა და ჩანჩქერებს. ის პირველივე დანახვაზე შეუყვარდა ღმერთ ფრეირს, თუმცა დიდხანს უარყოფდა მის სიყვარულს. ფრეირი მწუხარებაში ჩავარდა და ავად გახდა. ნერდმა როცა ეს გაიგო თავისი მსახური სკირნირი გააგზავნა გოლიათთა ქვეყანაში – იოტუნჰაიმში. სკირნირმა გერდას საჩუქრად გადასცა ჯადოსნური ვაშლები, სიმდიდრის ბეჭედი და თავლუჭით სავსე რქა, რომელზედაც გამოსახული იყო ფრეირის პორტრეტი.
.სკირნირს დავალებული ჰქონდა რადაც არ უნდა დასჯდომოდა წაეყვანა გერდა ასგარდში, მაგრამ ქალიშვილმა არ მიიღო საჩუქრები და უარი განაცხადა. არ გაჭრა არც მუქარამ, არც მუდარამ, ამიტომ სკირნირმა უთხრა, რომ თუ არ გაჰყვებოდა მაშინ დაადებდა სიმახინჯის წყევლას და სამუდამო მარტოობისთვის გაწირავდა. ამის შემდეგ გერდა დათანხმდა და ფრეირს გაჰყვა ცოლად.

გრიდი

1202887416

კეთილი გოლიათი ქალი, რომელიც დაეხმარა თორს გოლიათ ჰეიროდის დამარცხებაში. როცა ცეცხლის ღმერთმა ლეჟიმ თორი მახეში შეიტყუა, მაშინ, როცა თორს თავისი ძლიერების ქამარი არ ეკეთა და ასევე არ ჰქონდა თავისი ჯადოსნური ურო – მიოლნირი. გრიდმა ამ დროს თორს ათხოვა თავისი ქამარი და ასევე რკინის ხელთათმანები. ზოგიერთ წყაროში გრიდი არის ოდინის ვაჟის – ვიდარის დედა. მან ვიდარს იმდენად გამძლე ფეხსაცმელები შეუკერა, რომ ფენრირმა ვერ შეძლო კბენა. რაგნაროკის დღეს, როცა მხეცმა ოდინი გადაყლაპა, ვიდარმა ფეხით გაუსრისა ფენრირს ყბა და ორად გააპო მგელი.

 

კრიმჰილდა

viking451

ბრუნჰილდას დაუძინებელი მტერი, გერმანული ეპოსის “სიმღერა ნიბელუნგებზე”-ს გმირი. ზიგფრიდის სიკვდილის შემდეგ გახდა ჰუნების მეფის – ატილას ცოლი. ცნობილია საოცარი სილამაზით, რომელმაც მრავალი მეომარი შეიწირა, იბრძოდნენ რა სახელის მოსაპოვებლად, რათა ამით მოეგოთ კრიმჰილდას გული. ის ბურგუნდიელი პრინცესა იყო, მეფე გიუნტერის (ნორვ. გუნარი) და. სკანდინავიურ მითოლოგიაში მას შეესატყვისება გუდრუნი, იყო გუნარის და და სიგურდის მეუღლე.  მისი დედა იყო გრიმჰილდა, რომელმაც ზიგფრიდს მისცა მეხსიერების დამკარგავი ელექსირი და ა.შ. იხ: ზემოთ.

ზიგფრიდის სიკვდილის შემდეგ კრიმჰილდა ცოლად გაჰყვა ჰუნების მეფე ატილას, იმ მიზნით, რომ გამოეყენებინა თავისი მდგოამრეობა და შური ეძია ზიგფრიდის მკვლელებზე – ჰაგენსა და გიუნტერზე. მან შეიტყუა ისინი მახეში და სიკვდილით დასაჯა.

 

უნდინები

1202887692

ისინი იყვნენ წყლის სულები, ცხოვრობდნენ წყაროებში, მდინარეებსა და ტბებში. ხალხს სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ მშვენიერი ქალწულები, რომლებსაც თევზის კუდი ჰქონდათ ფეხების მაგივრად. მათი რწმენის მიხედვით ისინი ხშირად ისხდნენ წყლის ნაპირზე და ივარცხნიდნენ თმას. ტკბილხმოვანი მღერით ისინი იზიდავდნენ მამაკაცებს და ან ახრჩობდნენ მათ, ან მიჰყავდათ თან, რათა საყვარლად გაეხადათ. ითვლებოდა, რომ უნდინებს შეეძლოთ ადამიანის სულის მიღება და ადამიანად ქცევა, თუ შეუყვარდებოდათ ვინმე.

შუა საუკუნეების ალქიმიკოსებთან უნდინები იყვნენ სულები, რომლებიც წყლის სტიქიას მართავდნენ, სალამანდრები – ცეცხლის სულები, სილფიდები – ჰაერის, გნომები – მიწისქვეშა სამყაროსი და ა.შ. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უნდინებს შეესატყვისებათ ნიმფები, ხოლო სლავურში ქალთევზები.

 

ვალკირიები

valkyrie_by_thebastardson-d4cf24f

მებრძოლი ქალწულები, რომლებიც მონაწილეობდნენ გადარჩევის პროცესში, ისინი არჩევდნენ თუ რომელი მეომარი უნდა მომკვდარიყო, ვინ უნდა წაეყვანათ ვალჰალაში, ვის უნდა მოეპოვებინა გამარჯვება და ა.შ. რჩეულებ მეომრებს, ვისი სულებიც ვალკირიებს მიჰყავდათ აინჰერები ერქვათ – მათთვის ოდინმა აღმართა დიდებული სასახლე ვალჰალა, 540 კარიბჭით. ყოველი მათგანი ერთ ჯერზე 800 მებრძოლს ატარებდა. ყოველ დღეს აინჰერები ერთმანეთთან ბრძოლაში ატარებდნენ და ყველა ჭრილობა მყისიერად ხორცდებოდა. აქ არ არსებობდა ტკივილი და სიკვდილი. საღამოობით იშლებოდა საზეიმო სუფრა და იმართებოდა ღრეობა. თავად ოდინი ესწრებოდა ასეთ ვახშმებს, თუმცა საჭმელ-სასმელს არ ეკარებოდა.

აინჰერები მიირთმევდნენ ტახის შემწვარ ხორცს. ტახს ერქვა სეჰრიმნირი. ყოველ საღამოს მას კლავდნენ, დილით კი ის ისევ ცოცხლდებოდა და ასე დაუსრულებლად. მეომრები სვამდენ თაფლს და ასევე რძეს, რომელსაც იწველებოდა თხა ჰაიდრუნი. ის ყოველდღე ბალახობდ იგდრასილის კენწეროზე – მიირთმევდა ლერადის ფოთლებს. მეომართა საწმისებს ვალკირიები  ავსებდნენ.

ანგლო-საქსონური ლეგენდების მიხედვით ვალკირიები ელფებისგან წამოიშვნენ. თუმცა ითვლებოდა, რომ ვალკირიები იყვნენ კეთილშობილი გვარის წარმომადგენლები, ზოგიერთი სიცოცხლეშივე ღებულობდა ამ წოდებას. ზოგიერთს გედად გადაქცევაც შეეძლო “ედას სიმღერაში” ნახსენებია ვალკირია – სიგრდრივა, ის არ დაემორჩილა ოდინს. მან ბრძოლაში გამარჯვება მიანიჭა კონუნგ რაგნარს და არა გუნარს. ამიტომ ვალკირია დაისაჯა  და აღარ მიეცა შემდეგ ბრძოლებში მონაწილეობის უფლება. ოდინის გადაწყვეტილებით ის გადაიქცა ჩვეულებრივ. მიწიერ ქალად და დაბრუნდა დედამიწაზე. ვალკირია იყო ასევე ზემოთ ხსენებული ბრუნჰილდა, რომელსაც ადამიანი – სიგურდი შეუყვარდა. რის გამოც ოდინმა დასაჯა იგი და წაართვა თავისი ჯადოსნური ძალები.მისი ბედი ჩვენთვის უკვე ცნობილია :)) ბრუნჰილდას შთამომავლები შეერივნენ ბედისწერის ღვთაებებს – ნორნებს. ეს უკანასკნელნი ართავდნენ ცხოვრების ძაფს და განაგებდნენ ადამიანების ბედს.

 

ნორნები

viking135

სამი ჯადოსანი ქალი, რომლებსაც ოდინმა მიანიჭა უნარი განეკარგათ ქვეყნიერების ბედი. ისინი განაგებდნენ როგორც ადამიანების, ისე ღმერთების ბედს. მათი სახელები იყო: ურდი, ვერდანდი და სკულდი – ანუ წარსული, აწმყო და მომავალი… ნორნები ცხოვრობდნენ მიდგარდში, წყარო ურდთან. ისინი წყალს უსხამდნენ სიცოცხლის ხე – იგდრასილს. ისინი მოისაზრებოდნენ შემდეგნაირად – ურდი იყო მოხუცი, ვერდანდი შუა ხნის ქალი, ხოლო სკულდი კი ნორჩი ქალწული. ზოგი გადმოცემის მიხედვით ეს სამი იყო მთავარი ნორნი. მათ გარდა კიდევ ბევრი ნორნი არსებობდა, კეთილიც და ბოროტიც.  ადამიანებს სჯეროდათ, რომ ბავშვის დაბადებისას იქ აუცილებლად იყო რომელიმე მათგანი. და როგორი ნორნიც იმყოფებოდა, ისეთივე ცხოვრება დაებედებოდა ადამიანს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ლილიტი

(ლათ. Lamia, ასევე უკავშირდება ებრაულსიტყვა  Lyl-ს (ღამე))

ლეგენდის თანახმად ღმერთმა ლილიტი შექმნა გველის სახით, იმისათვის, რომ შური ეძია ევაზე. ლილიტმა აცდუნა ის, რათა ეგემა აკრძალული ხილი და ასე ჩაისახა კაენი, პირველქმნილი ცოდვის ჩამდენი – ძმის მკვლელი. ეს არის მითის პირველსახე, თავდაპირველი ვერსია, თუმცა შუა საუკუნეებში მითმა გარკვეული სახეცვლილება განიცადა. ლილიტი უკვე წარმოდგენილია არა როგორც გველი, არამედ როგორც ღამის დემონი, რომელიც უდარაჯდება ღამით მარტო მძინარე ადამიანებს, ან გზაში მოხეტიალე ეულ მგზავრებს. აღსანიშნავია, რომ მან შეინარჩუნა მდედრობითი ფორმა. ის წარმოდგენილია ქალის სახით, მას გრძელი შავი თმა აქვს და გამოირჩევა უჩვეულო სიმაღლით და ტანადობით.   ოდნავ განსხვავებულია თალმუდის მიხედვით. აქ ლილიტის კანი თმით არის დაფარული, ფრთები აქვს და მოხსენიებულია, როგორც ზურმუხტის დედოფალი.   არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სამოთხიდან განდევნის შემდეგ ადამისა და ლილიტის თანაცხოვრების შედეგად იშვნნენ დემონები.

თავად სიტყვა ლილიტი უკავშირდება ძველი შუამდინარეთის, შუმერული პანთეონის სამ დემონს: ლილუ, ლილიტი და არდატ-ლილი. პირველი და მეორე – ინკუბუსი და სუკუბუსია. (ინკუბუსი – მამრობითი სქესის დემონი, რომელიც ეუფლებოდა ქალებს, სუკუბუსი – მდედრობით სქესის დემონი, რომელიც ეუფლებოდა მამაკაცებს) სუკუბუსის როლში ლილითი ებრაულ ტრადიციაშიც გვხვდება. კერძოდ კი ის ეუფლება მამაკაცებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ თალმუდის მიხედვით მამაკაცებისთვის გაიცემა რეკომენდაცია, რომ მოერიდონ ღამით სახლში მარტო დარჩენას.

შუმერული ქალ-ღვთაება ლილიტი ორი საწყისის მატარებელია – სიკეთის და ბოროტების. ითვლებოდა, რომ ის იყო საკუთარი ხალხის მფარველი, მისი ცრემლები იყო სიცოცხლის, კოცნა კი სიკვდილის მომტანი.

იუდეველთა ყოფაში ლილიტი ითვლებოდა ყრმათათვის ზიანის მომტანად, ის საფრთხეს უქმნიდა მშობიარე ქალებს. აჯადოებდა ახალშობილებს,  წოვდა მათ სისხლსა და ტვინს. ხშირად იტაცებდა და მათ ნაცვლად ტოვებდა რაიმე საშინელ არსებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები აღწერილია ძველ გერმანულ ტრადიციაშიც.

გადმოცემის მიხედვით ღმერთმა თიხისაგან შექმნა როგორც ადამი, ასევე მისი პირველი ცოლიც. დაარქვა მას ლილიტი. ადამისა და ლილიტის ურთიერთობა თავიდანვე უთანხმოებით დაიწყო: ლილიტი ამბობდა, რომ ისინი თანასწორნი იყვნენ,რადგან ღმერთმა ორივე თიხისაგან შექმნა. ადამი არ დაეთანხმა, მოითხოვა სრული მორჩილება, ლილიტი განაწყენდა და გაფრინდა, მიატოვა მეუღლე.  წითელ ზღვასთან მას შეხვდა ღმერთისაგან გაგზავნილი სამი ანგელოზი, მათ მოითხოვეს უკან დაბრუნებულიყო. ლილიტმა უარი განაცხადა და გარდაიქმნა დემონად, რომელიც ხოცავდა ახალშობილ ბავშვებს. ანგელოზებმა ღმერთის სახელით დასაჯეს ის. ამიერიდან ლილიტი ყოველდღიურად შობდა 100 ბავშვს, რომელთაგანც ყველა მოკვდებოდა. ასევე ის ვერასოდეს შეძლებდა ზიანი მიეყენებინა ახალშობილისათვის, თუ მასთან ახლოს იქნებოდა ავგაროზი, რომელზედაც ანგელოზების, ან ლილიტის სახელები იქნებოდა დაწერილი.საგულისხმოა, რომ როგორც ლუციფერი, ისე ლილიტიც დაისაჯა დამოურჩილებლობის გამო. ის არ დაემორჩილა ადამს, სწორედ ეს გახდა მისი შავ, ღამის დემონად გადაქცევის საბაბი.

ძველ ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელებული იყო მშობიარეთათვის განკუთვნილი ერთი შელოცვა, რომელსაც უნდა დაეცვა ისინი ავი თვალისა და სხვადასხვა დაავადებებისაგან. ამ შელოცვაში მოთხრობილი იყო თუ როგორ შეხვდა რომელიღაც წმინდანი გზაში კუდიანს, რომელიც მიდიოდა ერთი მშობიარე ქალის სახლში, რათა ხელი შეეშალა მშობიარობაში და ზიანი მიეყენებინა მისთვის. წმინდანმა აიძულა ჯადოქარი დაესახელებინა მისი ყველა სახელი და დააფიცა, რომ არაფერი დაეშავებინა მშობიარე ქალისათვის, თუ იქ იქნებოდა ავგაროზი, რომელზედაც მისი ყველა სახელი იქნებოდა დაწერილი. (ცნობისათვის ძველ აღმოსავლეთში ითვლებოდა, რომ თუ ვინმემ ადამიანის ყველა სახელი იცოდა მასზე ამით ძალაუფლებას მოიპოვებდა. ამიტომ იყო რომ ადამიანებს რამოდენიმე სახელი ერქვათ)

პ.ს. არსებობს ვერსია, რომ ლილიტი ადამის შემდეგ გახდა სამაელის ცოლი, დემონების დედა. სამაელი იყო სიკვდილის ანგელოზი, ჯოჯოხეთის იერარქიით პირველი დემონი. ზოგი ვერსიით ის წარმოადგენდა ეშმაკის ანგელოზებრივ ფორმას, რომელიც მას ჰქონდა დაცემამდე. არსებობდა წარმოდგენა, რომ  ის ასევე იყო ევას მაცდუნებელი და სწორედ მისგან ჩაისახა კაენი. ასევე ითვლება, რომ ლილიტისა და სამაელის შეერთების შედეგად შეიქმნნენ ნეფილიმები – ანგელოზისა და დემონების ჰიბრიდები. მათ გარკვეული გენეტიკური კავშირი აქვთ შუმერულ ანუნაქებთან. ითვლება, რომ ანუნაქები იყვნენ დაბალი რანგის ღმერთები, რომლებმაც იგიგებს (ადამიანებს) ასწავლეს წიაღისეულის მოპოვება. მათ კავშირი აქვთ ძველ შუმერულ ქალ-ღვთაება ინანასთან.  ამ მხრივ გარკვეული პარალელი შეიძლება გავავლოთ ინანასა და ლილიტს შორის. თუმცა ინანა საერთოდ სხვა რაკურსის ღვთაებაა, უკავშირდება ნაყოფიერებას, სიბრძნეს, სიყვარულს.

 

 

 

 

 

 

 


Ægishjalmur

tumblr_msq7zaMiQa1shgazdo1_1280

Ægishjalmur/ეგიშიალმრ – ისლანდიური წარმოშობის რუნიკული სიმბოლოა, რომლის მთავარი ელემენტია რუნა  Algiz (Elhaz/ლოსი) 15_elhazცენტრალური წერტილიდან ამომავალი ხაზები სრულდება ხსენებული რუნით და იქმნება საკმაოდ რთული და ვიზუალურად საინტერესო კონფიგურაცია.

tumblr_inline_o3r83xP2od1sn9weg_500

ეგიშიალმრი ვეგვიზირის მსგავსად ძველისლანდიური სიმბოლოა და ასევე დაფიქსირებულია უკვე ხსენებულ წიგნში – Galdrabók. ის გამოიყენებოდა რიტუალური დანიშნულებით და იყო ერთერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო ელემენტიც.

 თავად სიტყვა Ægishjalmur ნიშNავს “შიშის სამართავ საჭეს”. ცნობილია, რომ მას იხატავდნენ საბრძოლო ფარებზე, მუზარადზე, ტანსაცმელსა და სარიტუალო დანიშნულების ინსტრუმენტებზეც.

aegishjalmur___the_helm_of_awe_by_eihwazcraftwork-d4udd3z

სიმბოლოს ძირითადი დანიშნულება იყო მოწინააღმდეგის დაშინება, რომ ჩაენერგათ მისთვის შიში, გაეძლიერებინათ საფრთხის მოახლოების შეგრძნება. სწორედ ამიტომ იხატავდნენ მას მუზარადის ცენტრალურ ნაწილში, თვალების შუაში. ეს იმისთვის რომ იოლად შესამჩნევი ყოფილიყო და მტრის ყურადღება დაემორჩილებინა. გვხვდება შემთხვევებიც, როცა Ægishjalmur გამოსახულია მუზარადის შიდა მხარესაც. ფიქრობენ, რომ ამით ადამიანი ცდილობდა საკუთარი თავისთვის ჩაენერგა შიში, თუმცა ეს ვარაუდი ლოგიკას მოკლებულია.

  თანამედროვე გამოყენებაში Ægishjalmur მეტად პოპულარულია. ატარებენ როგორც სამკაულის, ასევე სვირინგების სახითაც, იხატავენ სამოსზეც და ა.შ. ხშირად გვხვდება მეორე ნიშანთან, ვეგვიზირთან ერთად. ლეგენდების თანახმად ეს კომბინაცია ადამიანს თავიდან არიდებდა უბედურებას, იცავდა მას და აფრთხობდა მტრებს.

7a1ef6aa8253716011bc43c29de05eb0

 


Vegvísir

Vegvisir-huld-p60

Vegvísir ისლანდიური წარმოშობის, მაგიური დატვირთვის მქონე სიმბოლოა. დღემდე არ არის დადგენილი, თუ თავისი დანიშნულებით პირველად სად და როდის გამოიყენეს. სიტყვასიტყვით  ნიშნავს ნიშანს, რომელიც გვიჩვენებს გზას. “Vegur” ნიშნავს გზას, მიმართულებას, ხოლო “Vísir” მეგზურს, გზამკვლევს. თანამედროვე კულტურაში მას უწოდებენ რუნიკულ, ან ვიკინგების კომპასს. თუმცა მისი კავშირი ვიკინგებთან, ან რუნიკულ მეტაფორებთან მეცნიერულად დადასტურებული არ არის.  გარკვეული კავშირი შეიძლება ჰქონდეს ვიკინგების კომპასთან, იგივე”მზის ქვასთან”, რომელსაც მაშინდელი წარმოდგენით ჰქონდა პოლარიზაციის უნარი – ნისლიან და მოღრუბლულ ამინდში შეეძლო სინათლის გამოცემა, ხელს უწყობდა ამინდის გაუმჯობესებას და საშუალებას აძლევდა მფლობელს დაუბრკოლებლად დაბრუნებულიყო შინ.

26f2fd6c8f542293d77d0c640e12a910

 

 

ვეგვიზირი პირველად გვხვდება მეჩვიდმეტე საუკუნის ისლანდიურ ლიტერატურულ ძეგლში – Galdrabók. მასში Vegvísirის გარდა სხვა მაგიურ ნიშნებზეც არის საუბარი, რომელთა საერთო სახელია  galdrastafir. კონკრეტულად ვეგვიზირის წარმოშობის დადგენა თითქმის შეუძლებელია. ზოგი მეცნიერი მას უკავშირებს შუასაუკუნეების მისტიკასა და რენესანსულ ოკულტიზმს. სხვათა აზრით კი შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ძველ გერმანულ რუნიკულ ტრადიციებთან. არსებობს ვერსიაც, რომ ისლანდიაში ის ნორვეგიელებმა შეიტანეს ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში. გადმოცემის თანახმად Vegvísir ამოკვეთილი ჰქონდათ საზღვაო ხომალდის კორპუსზე. ასევე გვხვდება სხვა ტრადიციაც – მას სისხლით იხატავდნენ სხეულზე, ძირითადად შუბლზე, თვალების შუაში.ეს ყველაფერი კი კეთდებდა იმისთვის, რომ ნიშანს ეჩვენებინა სწორი მიმართულება, მაშინდელი წარმოდგენით ის ეხმარებოდა მეზღვაურებს სწორი კურსის აღებაში უამინდობისა და შტორმის დროს. მიიჩნეოდა რომ Vegvísirის მატარებელი ადამიანი არასოდეს დაიკარგებოდა და ყოველთვის იპოვიდა გზას შინისაკენ.

 

 

ძირითადი ელემენტები

stave-modifier-1 – ენერგიის მომპოვებელი და კოლექტორი

stave-modifier-2 – ენერგიის აქტივატორი/გამცემი

stave-modifier-3– ენერგიის მიმღები

stave-modifier-4 – ენერგიათა მარეგულირებელი

stave-modifier-5– ხელს უწყობდა ენერგიის შენარჩუნებას

stave-modifier-6– მისი მეშვეობით ხდებოდა ენერგიის ხარჯვა/წვა

stave-modifier-7 – ინარჩუნებდა ენერგიის სისუფთავეს

stave-modifier-8 – აბრუნებდა ენერგიას პირველად წყაროსთან

 

chrome dreaming (1)

p.s. ჩვენს თანამედროვეობაში ვეგვიზირი პირველად სხეულზე დაიტანა გენიალურმა ისლანდიელმა მუსიკოსმა და მსახიობმა – ბიორკმა. ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის მისთვის არ იყო მხოლოდ დამცავი ნიშანი, არამედ მისი იდენტიფიკატორი ეროვნული ნიშნით.

bjork-tattoo

p.p.s.სვირინგის გაკეთებისას ნიშნის ორიენტაციის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთები შთააგონებენ ადამიანს კონკრეტულად მისთვის საჭირო პოზიციის არჩევას, რადგან არასწორი პოზიცია შესაძლოა უკუეფექტის მომცემი იყოს.

 

 


სნორი სტურლუსონი – “ჰეიმსკრინგლა”

 სნორი სტურლუსონი გახლდათ ისლანდიელი სწავლული, ისტორიკოსი და მწერალი, (1179-1241 წწ.) ის წარჩინებული ოჯახის შვილი იყო, ერთერთი გავლენიანი დინასტიის წარმომადგენელი. რამოდენიმეჯერ იყო ისლანდიური უხუცესთა საბჭოს – ალტინგის უხუცესი/მთავარი, თუმცა მისი პოლიტიკური მოღვაწეობა მეორეხარისხოვანია, ის გამოირჩევა იმით, რომ პირველი იყო სკანდინავიელთა შორის, ვინც ერთ თხზულებაში მოუყარა თავი საკუთარი ერის ისტორიას და მითებს. უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო ლათინური სამეცნიერო სკოლის ტრადიციების გამგრძელებელი, თუმცა საკუთარი ერის წარსულისადმი უფრო ცხოველი ინტერესი ჰქონდა, ვიდრე მაგალითად რომაელ ტაციტუსს.  

  მისი უდიდესი თხზულებაა საგების კრებული – “ჰეიმსკრინგლა”. ის გახლავთ სკანდინავიური ლიტერატურის უდიდესი ძეგლი. სახელწოდება მომდინარეობს საწყისი სიტყვებიდან – (Heimskringla, Kringla heimsins) – მიწიერი წრე (ქართულად შეიძლება უფრო სწორი იყოს – შუასკნელი) 

  რაც შეეხება თავად ნაწარმოებს – ეს არის მხატვრული, მაგრამ ამავე დროს რეალური ისტორიების კრებული, ის ეხება ასობით ადამიანის ბედს, რომლებიც ოდესღაც რეალურად არსებობდნენ. ყველა ეს ადამიანური სახე დახატულია გენიალური უბრალოებით, ნაწარმოების გმირები საუბრობენ და მოქმედებენ, როგორც ცოცხალნი. ანუ ავტორი აწმყო დროში მოგვითხობს ყველა ისტორიას. ძალიან საინტერესოა მათი შინაგანი სამყარო თანამედროვე ადამიანის გადასახედიდან.

  დიდია ამ ნაწარმოების ისტორიული ღირებულებაც. აქ მოთხრობილია, როგორც ნორვეგიასა და სხვა სკანდინავიურ სამეფოებზე, ისე ირლანდიასა და ინგლისზე. ნახსენებია ჩრდილოეთით თეთრი ზღვა, სამხრეთით ბიზანტია და ა.შ.

 

ჰ ე ი მ ს კ რ ი ნ გ ლ ა

 

პროლოგი

 

ამ წიგნში ვბრძანე ჩაიწეროს(1) უძველესი თხრობები მმართველებზე, რომლებიც მეფობდნენ ჩრდილოეთის ქვეყნებში და ლაპარაკობდნენ დანიურ ენაზე (2). მათზე ბრძენმა ხალხმა მომიყვა. ზოგიერთი რამ აღებულია სიებიდან (საუბარია გენეალოგიურ სიებზე), რომლებსაც აწარმოებდნენ კონუნგები და სხვა ჩინებულები, ზოგიერთი რამ კი ძველი ლექსებიდან და სიმღერებიდან, რომლებსაც ხალხის გასართობად ასრულებენ. ჩვენ არ ვიცით ეს მონათხრობები მართალია თუ არა, მაგრამ ის ზუსტად ვიცით, რომ ძველად ბრძენი ხალხი მას ჭეშმარიტებად თვლიდა.

 თიოდოლვ ბრძენი ხვინირიდან(3) იყო ჰაროლდ მშვენიერთმიანის სკალდი. მან შექმნა სიმღერა კონუნგ რიოგნვალდ ღირსეულსახელიანზე. (4) ამ სიმღერაში ჩამოთვლილნი არიან ინგლინგები. რიოგნვალდი იყო ოლავ ალვა ჰეირსტადირის ვაჟი, ჰალვდან შავის ძმა. ამ სიმღერაში დასახელებულია რიოგნვალდის 30 წინაპარი და მოთხრობილია მათ სიკვდილის და დასაფლავების ადგილებზე. ფიოლნირი იყო ინგვი-ფრეირის ვაჟი. ინგვი-ფრეირს შვედები სცემდნენ შემდეგში თაყვანს და სწირავდნენ მსხვერპლს. მისი სახელიდან მომდინარეობს გვარის დასახელება – ინგლინგი.  

 ეივინდ სკალდთა მომწყვლავმა(5) ჩამოთვალა იარლ ჰაკონ ძლევამოსილის(6) წინაპრები სიმღერაში, რომელსაც ქვია ჰალეიგების სია. ის შეიქმნა ჰაკონის პატივსაცემად. სიმღერაში ნათქვამია, რომ ინგვი-ფრეირის ვაჟს ერქვა სემინგი. ასევე მოთხრობილია იარლ ჰაკონის ყველა წინაპრის სიკვდილისა და დასაფლავების ადგილზე. ინგლინგების ცხოვრების აღწერა დაწერილია ტიოდოლვის მონათხრობის მიხედვით და შევსებულია ბრძენი ხალხის სიტყვებით.

პირველი საუკუნე იწოდება – “ცეცხლის საუკუნედ”. იმ დროს მიცვალებულებს ფერფლად აქცევდნენ და მათ საფლავებს ქვებით ნიშნავდნენ(7).   თუმცა მას შემდეგ, რაც უპსალაში(8) ფრეირის საფლავზე ყორღანი აღმართეს, ბევრმა მმართველმა მიჰბაძა მას და საკუთარი მშობლების და ნათესავების საფლავებზე ასევე ყორღანები ააშენა. დან ზვიადმა, დანიელების კონუნგმა სიკვდილის წინ ბრძანა დაეკრძალათ კონუნგის შესამოსელით, თავის ცხენთან და სხვადასხვა საჭირო, თუ ძვირფას ნივთებთან ერთად. მისმა შთამომავლებმაც გაიზიარეს იგივე. ამის შემდეგ დანიაში დაიწყო ყორღანების საუკუნე, ხოლო შვედებსა და ნორვეგიელებთან კი კვლავ “ცეცხლის საუკუნე” გრძელდებოდა(9)

როცა ჰაროლდ მშვენიერთმიანი იყო ნორვეგიის კონუნგი, ზუსტად მაშინ მოხდა ისლანდიის განსახლება(10) კონუნგ ჰაროლდს ჰყავდა სკალდები და ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს მათი სიმღერები, ასევე ლექსები  კონუნგებზე, რომლებიც მართავდნენ ნორვეგიას. ის, რაც მოთხრობილია ამ სიმღერებში, სრულდებოდა თვით მმართველების და მათი ვაჟების წინაშე. ამიტომ მათ ჩვენ სავსებით სარწმუნო მტკიცებულებად მივიჩნევთ. ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფერი, რაც სიმღერებშია ნათქვამი – სიმართლეა. მართალია, სკალდებს სჩვეოდათ ყველაზე მეტად შეექოთ და გაეზვიადებინათ მმართველის ქმედებანი, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ გაბედავდა ეთქვა და მოეთხრო ის, რაც მმართველს სინამდვილეში არ ჰქონდა გაკეთებული. თვით კონუნგი რომ მოისმენდა ცრუ ისტორიას, იფიქრებდა, რომ ეს იყო დაცინვა, და არა შექება.

 მღვდელი არი ბრძენი(11), ჰერილის შვილის, ტორგილსის ვაჟი იყო ქვეყანაში პირველი, ვინც ჩრდილოეთის ენაზე(12) ჩაწერა როგორც ახალი, ისე ძველი თხრობანი. წიგნის დასაწყისში ის წერს ძირითადად ისლანდიის განსახლებაზე და იქაურ კანონმოწყობაზე. შემდეგ საუბრობს კანონების დამწესებელ ხალხზე(13) და იმაზე, თუ რამდენად დიდ ხანს განაგებდნენ ისინი სამართალს ისლანდიაში. მან დროის ათვლა დაიწყო ისლანდიაში ქრისტიანობის შესვლიდან და მივიდა საკუთარ დრომდე. ის სხვა ბევრ ისტორიასაც მოგვითხრობს: ნორვეგიის და დანიის კონუნგებზე, ინგლისზე, მნიშნელოვან მოვლენებზე, რომლებიც აქ, ქვეყანაში ხდებოდა. მე ვთვლი, რომ მისი მონათხრობი ნდობას იმსახურებს. ის იყო ბრძენი და იმდენად მოხუცი, რომ დაიბადა ჰაროლდ კონუნგის ვაჟის, სიგურდის(15) სიკვდილის შემდგომ ზამთარს.

 არის თქმით მისი ისტორიები ეფუძნება ოდდას სიტყვებს, ოდა იყო ჰალლიას ვაჟის, კოლის შვილი. თავად ოდას მოუთხრო ტორგეირ ავრადსკოლმა. ეს უკანასკნელი იმდენად მოხუცი იყო, რომ ცხოვრობდა მაშინაც კი, როცა მოკლეს იარლი ჰაკონ ძლევამოსილი(16) მისი მკვლელობის ადგილზე ტრიუგგვის ვაჟმა, ოლავმა გააშენა ქალაქი, რომელიც დღემდე არსებობს(17).

 არი 7 წლის იყო, როცა ცხოვრობდა ტორარინის ვაჟ ჰალიასთან შევარდნის ველზე. მან იქ 14 წელი იცხოვდა. ჰალი იყო ბრძენი და მრავლისმნახველი ადამიანი. მას ახსოვდა, რომ მამა ტანგბრანდმა მონათლა ის, როცა იყო 3 წლის. ეს იყო ისლანდიაში ქრისტიანობის შემოსვლიდან ერთი ზამთრის შემდეგ. არი იყო 12 წლის, როცა გარდაიცვალა ეპისკოპოსი ისლეივი(18). ჰალი მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში, მას ოლავ წმინდანთან საქმიანი/სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა, რამაც მისი პოზიციები აამაღლა. ამიტომ ის კარგად იცნობდა კონუნგ ოლავს. როცა ისლეივი გარდაიცვალა ტრიუგგვის ვაჟის, ოლავის(19) სიკვდილიდან 80 წელი იყო გასული. ჰალი გარდაიცვალა ისლეივის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ. მაშინ ის იყო 94 წლის. ის დასახლდა შევარდნის ველზე, როცა იყო 30 წლის და იცხოვრა იქ 64 წელი – ასე წერს არი. ეპისკოპოს ისლეივის ვაჟი – ტეიტი იზრდებოდა ჰალისთან. მან ასწავლა არის ბევრი რამ და ასევე მოუყვა ძალიან ბევრი ისტორია, რომელიც არიმ შემდეგ ჩაიწერა. არის ბევრი რამ მოუთხრო სნორი გოდის ქალიშვილმაც – ტურიდმა. ის ბრძენი ქალი იყო. მას ახსოვდა სნორი, საკუთარი მამა, რომელიც 30 წლის იყო, როცა ისლანდიაში ქრისტიანობამ შეაბიჯა და გარდაიცვალა ოლავ წმინდანის(20) დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ.

 ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ არიმ იცოდა ბევრი რამ, თუ რა ხდებოდა წარსულში, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. მას უყვებოდა მოხუცი და ბრძენი ხალხი, ხოლო თავად ის კი იყო ცნობისმოყვარე და ჰქონდა კარგი მეხსიერება.

 თავად სკალდების სიმღერები კი მიმაჩნია რომ ყველაზე ნაკლებად არის დამახინჯებული, თუ ისინი სწორად არის გაცმოდებული და  გააზრებული.

 

შენიშვნები:

1 –  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროლოგი შესაძლოა უფრო გვიან იყოს დაწერილი, ვიდრე თავად საგები. ასევე ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ავტორი თავად არ წერდა, მის სიტყვებს იწერდნენ. 

2 – დანიურ ენად ძველისლანდიურ ლიტერატურაში არაერთგზის იწოდება ზოგადად სკანდინავიური მეტყველება. ეს როგორც ჩანს დაკავშირებულია იმასთან, რომ სკანდინავიურ ენებს შორის სხვაობა მაშინ ნაკლებად შეიმჩნეოდა. სკანდინავიელების ენა დანიურად მოხსენიებულია ერთ ძველინგლისურ ძეგლში (IX ს.). და ივარაუდება, რომ ეს სახელი მათ  ინგლისელებისგან ისესხეს.

3 – ნორვეგიელი სკალდი მეცხრე საუკუნეში. მოხსენიებულია, როგორც ჰაროლდ მშვენიერთმიანის სკალდი. შემონახულია მისი ორი დიდი თხზულება: ‘ინგლინგების სია” და ჰაუსტლონგი. ეს უკანასკნელი აღწერს ცალკეულ სცენებს მითებიდან. გამოსახულია ფარზე, რომელიც აჩუქეს თიოდოლვ სახელგანთქმულს.

4 – მასზე მხოლოდ “ინგლინგების საგაში” საუბრობენ, სხვა არცერთ წყაროში ის მოხსენიებული არ არსი.  

5 -ეივინგ ფინნსსონი, ნორვეგიელი სკალდი, გარდაიცვალა დაახლოებით 990 წელს. მისი ნაწარმოებებიდან გარდა “ჰალეიგების სიისა” შემონახულია ასევე “ჰაკონის სიტყვები” – ნორვეგიელი მეფის ჰაკონ კეთილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მღერა. ასევე 14 ცალკეული სტროფები. ეივინდმა თავისი მეტსახელი მიიღო სავარაუდოდ იმიტომ, რომ მანერით ბაძავდა უფრო ძველ სკალდებს.  

6 – ჰაკონ სიგურდარსონი, ნორვეგიელი იარლი, გარდაიცვალა 995 წელს.  7 – საფლავის ქვები – მაღალი და ვიწრო ფილები (ისლ.Bautasteinar – ეტიმოლოგია გაურკვეველია). სკანდინავიაში მათი საფლავებზე აღმართვა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასი წლის წინ დაიწყეს.

8 -იხ. “ინგლინგების საგა” თ. X

9 – როგორც ჩანს ეს ტრადიცია აღებულია “სკიოლდუნგების საგიდან”. მიცვალებულთა დაწვის ტრადიცია სკანდინავიაში ძვ.წ. XII-XIII საუკუნეებში აღმოცენდა, თანდათანობით გავრცელდა და ქრისტიანობამდე შენარჩუნდა.

10 – როგორც ცნობილია ისლანდია განსახლდა ახ. წ. IX-X საუკუნეების მიჯნაზე.  

11 – არი ტორგილსონი, დაიბადა 1067/8 წელს და გარდაიცვალა 1148 წელს. შემონახულია მისი “წიგნი ისლანდიელებზე”. ეს არის ისლანდიის ძალიან მოკლე ისტორია. თუმცა სავარაუდოდ ზემოთ საუბარია მისი თხზულების უფრო ადრეულ და სრულ რედაქციაზე, რომელიც სამწუხაროდ არ შემოინახა.

12  – ჩრდილოეთის ენად იწოდებოდა ნორვეგიელების და ისლანდიელების ენა.

13 – კანონის დამწესებელი – ისლანდიელი უხუცესი, რომელსაც ირჩევდნენ სამი წლით. ბევრი მათანი რამოდენიმე ვადითაც იყო არჩეული. მისი მოვალეობა იყო სცოდნოდა კანონები და გადმოეცა ისინი ტინგის ველზე მდებარე კანონის კლდედ (?) წოდებული სიმაღლიდან.

14 – ქრისტიანობა ისლანდიაში გავრცელდა 999 ან 1000 წელს.

15 – ნორვეგიელი მეფე ჰაროლდ სიგურდარსონი, იგივე ჰარალდ მრისხანე გარდაიცვალა 1066 წელს.  

16 -იარლი ჰაკონ ძლევამოსილი მოკლეს 995 წელს.

17 – საუბარია ნიდაროსზე, იგივე ტრონჰეიმზე.

18 – ისლეივ გიცურარსონი, პირველი ისლანდიელი ეპისკოპოსი, გარდაიცვალა 1080 წელს.

19 – ოლავ ტრიუგგვასონი დაიღუპა 1000 წელს.

20 –  ოლავ წმინდანი დაიღუპა 1031 წელს.


ცოტა რამ ისლანდიელებზე და ასევე ვიკინგების ლაშქრობებზე ევროპაში

ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქის ბოლო ეტაპი იყო ე.წ. ვიკინგების საუკუნე. ამ დროს დამთავრდა გერმანიკული ერების, სამეფოების ფორმირება. სკანდინავია ძველი ავტორების მიერ მიჩნეული იყო „შორეულ კუნძულად“. მის წიაღში იბადებოდნენ ახალი ეთნოსები. VI-VII საუკუნეების ჩრდილოეთ ევროპაში შემონახულია ამ ხანის კონუნგების ყორღანები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ამ პერიოდის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ეს ერთგვარი შესვენება იყო წინა, დაუსრულებელი მიგრაციებისა და ბრძოლების ეპოქის შემდეგ. უკვე VIII-IX საუკუნეებს მიჯნაზე მთელი ამ პერიოდის მანძილზე დაგროვებულმა ენერგიამ მთელი ძალით იფეთქა. სკანდინავიელთა მცირე რაზმები ევროპის კონტინენტის დანარჩენ ნაწილებზე ახორცილებედნენ თავდასხმებს.

დასავლეთ ევროპაში მათ შიში, ძრწოლა, სიკვდილი და რბევა შეიტანეს. ისინი ჩნდებოდნენ ზღვიდან, მცირე ზომის გემებით და დანახვისთანავე თავზარს სცემდნენ ყველას. მათ უწოდებდნენ ჩრდილოელებს, იგივე ნორმანებს. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი მოქცეული იყო ქრისტიანობაზე და ისინი ქრისტეს ევედრებოდნენ, რომ დაეცვა განსაცდელისაგან. თუმცა ამაოდ…  ნორმანები უეცრად ესხმოდნენ თავს, მათი სტრატეგია მოულოდნელობას ეფუძნებოდა. საკუთარ თავს უწოდებდნენ ვიკინგებს. სიტყვა – ვიკი – აღნიშნავდა დასავლეთისაკენ ზღვის გავლით ლაშქრობას. მათი გემები არა მხოლოდ ლონდონსა და პარიზში, არამედ კიევს და ბერდააშიც (აზერბაიჯანი) კი გამოჩნდნენ. თუმცა მათი საბოლოო მიზანი და ისტორიული მისია მაინც რომი და კონსტანტინოპოლი იყო.

ანგლო-საქსების და ფრანკების სამეფო ისტორიკოსები აღწერენ ვიკინგების წეს-ჩვეულებებს. XI საუკუნის ფრანკი ქრონისტი დუდონი თავისებურად ხსნის ევროპაში ვიკინგების ლაშქრობების რეალურ მიზეზს. მისი თქმით მთავარი მიზეზი ვიკინგების სიხარბეშია. მათ სურთ ყველაფერი რაც შეიძლება ბევრი. ისინი ეუფლებიან რაც შეიძლება ბევრ ქალს, ყავთ აურაცხელი რაოდენობის ბავშვები, როგორც ქორწინებიდან, ისე მის გარეთ. შთამომავლობის ზრდასთან ერთად იზრდება დაძაბულობაც, რადგან ხალხის რაოდენობა უკვე დიდია, ხოლო მიწა კი, რომელმაც ისინი უნდა გამოკვებოს პატარა. აქ გვხვდება მეტად საინტერესო ტრადიცია. ტარდებოდა სპეციალური რიტუალი, რომელსაც უნდა გამოევლინა მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ვალდებული ხდებოდა დაეტოვებინა მშობლიური სახლი და წასულიყო შორეულ ქვეყნებში ბედის და საცხოვრისის საძიებლად. იგივე ტრადიცია გვხვდება გოთებშიც. ახალგაზრდების არჩევა ხდებოდა კენჭისყრის წესით. ყოველივე ამის შემდეგ ტარდებოდა რიტუალი, რომლის დროსაც ღვთაება თორს სწირავდნენ ადამიანებს. ზოგადად ადამიანის სისხლი ითვლებოდა ყველაზე ძლიერმოქმედ და ღმერთბისათვის სასურველ შესაწირად. მსხვერპლად შესაწირ ადამიანსაც კენჭისყრის წესით ირჩევდნენ. მისი სისხლით მონაწილეები ჯერ თავს იღებავდნენ, შემდეგ კი იალქნებზე ასხურებდნენ და სასწრაფოდ გადიოდნენ ღია ზღვაში. ითვლებოდა რომ ამ რიტუალით ასევე იმორჩილებდნენ ქარს.

დუდონის მიხედვით ვიკინგების სოფლების მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ტოვებდა საცხოვრებელს კენჭისყრის გზით. და მიეშურებოდნენ ახალი მიწების დასაპყრობად. ისინი ძირითადად ზღვის ნაპირზე მდებარე დასახლებებს ეტანებოდნენ. ლაშქრობათა შედეგად  მათ ხელში თავი მოიყარა ასეულობით ათასმა ვერცხლის მონეტამ და ძვირფასეულობამ, რის გამოც ამ პერიოდს „ვერცხლის ეპოქასაც“ უწოდებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბარბაროსი წინაპრებისაგან განსხვავებით ვიკინგები ვაჭრობდნენ კიდეც, მათ შეეძლოთ თავი ქრისტიანადაც გაესაღებინათ, რომ გაეღწიათ ბაღდადის ან კონსტანტინოპოლის ბაზარზე. თუმცა ამასთან ისინი არ იცვლიდნენ ცხოვრების წესს და უარს არ ამბობდნენ რწმენაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ქრისტიანული ცივილიზაცია თავად შეიჭრა ვიკინგების ყოფაში.  საგულისხმოა რომ ერთი ღმერთის, ერთი კანონიკის იდეა ძალიან სჭირდებოდათ მმართველებს და მათ მხარდამჭერებს. ზემოთ ნახსენები კონუნგი ოლავ ტრიუგვასონი ისწრაფვოდა მოექცია სრულიად ნორვეგია.  ამას რათქმაუნდა ეწინააღდეგებოდა ადგილობრივი მმართველობა, რადგან წარმართული ღმერთები მათ პირდაპირ წინაპრებად ითვლებოდნენ. ამით მტკიცდებოდა მათ არისტოკრატული წარმომავლობა.

ძველ ადათ-წესებს ცვლიდა ახალი, ძველი რწმენას ძალა ეცლებოდა. ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში დაიწყო უკმაყოფილო ხალხმა ძველი საცხოვრისის დატოვება. ყველა მიემართებოდა იქ, სადაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქრისტიანობას ფეხი მოკიდებული. ასეთი ქვეყანა იყო ისლანდია.  ლტოლვილები ცხოვრობდნენ პატარა ხუტორებში, ყველა მნიშვნელოვანი საქმე წყდებოდა უხუცესების კრებაზე, რომელსაც ეწოდებოდა ალტინგი. მათ ახსოვდათ ყველა დაუწერელი კანონი, წესისა და რიგის მიხედვით არჩევდნენ კონფლიქტებს.ა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებს. საჭიროების შემთხვევაში ითავსებდნენ ქურუმის ფუნქციებსაც.  სამლოცველოები საკუთარ ნაკვეთებშივე ჰქონდათ აღმართული.

ძალიან დიდ პრობლემად რჩებოდა შიდა კონფლიქტები, ამის თავიდან ასარიდებლად შემოიღეს ახალი წესი: თანატომელის მკვლელობა ისჯებოდა თემიდან მოკვეთით. ეს იყო ყველაზე საშინელი, შემაძრწუნებელი სასჯელი. განდევნილს ან შიმშილით და სიცივით სიკვდილი ელოდან, ან ნებისმიერი პირველივე შემხვედრი გაუსწორდებოდა. ამ რეგულაციამ დროებით შეაჩერა სისტემის რღვევა. საბოლოოდ ეს ნათესაობრივ – ტომობრივი წყობა დაირღვა. 1000 წელს კონუნგი ოავ გრიუგგვასონი გამოცხადდა ისლანდიაში და მოითხოვა რომ ყველა ქრისტიანობაზე მოქცეულიყო. ალტინგმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება და ყველამ მიიღო ქრისტიანობა, თუმცა შინაგანად მაინც ერთგულნი დარჩნენ წარმართული ღმერთების. ძალიან ბევრ ხუტორში შენარჩუნებული იყო წარმართული ღვთაებების სამლოცველოები.

ისლანდიაში წარმართობა დროის სვლასთან ერთად დავიწყებას მიეცა, თუმცა ისლანდიელები ერთადერთი ხალხია კაცობრიობის ისტორიაში, რომლებმაც გამოიყენეს ქრისტიანობის უდიდესი საჩუქარი – დამწერლობა, იმისთვის, რომ ჩაეწერათ საკუთარი, წარმართული საგები, სიმღერები, მითები და ეპოსები. სხვა ერები, რომლებსაც წარმართობის დროს არ ჰქონდათ დამწერლობა, მაგალითად თუნდაც ბერძნები და ვერც რომაელები ვერ დაიკვეხნიან იგივე წარმატებით. მათი ქრისტიანი მწერლებისათვის წარმართული ღვთაებები ეშმაკს და უწმინდურ ძალებს უკავშირდებოდნენ. მათგან განსხვავებით ისლანდიელებს თავად სწამდათ იმის, რასაც წერდნენ.

 


თქმულებანი ხალხთა დიდი გადასახლების შესახებ (I)

 როგორც უკვე აღვნიშნეთ გერმანული წარმოშობის ტომები იყოფოდა სამ ეთნიკურ ჯგუფად: ისტევონებად, ინგევონებად და ჰერმიონებად. მათი წარმოშობა უკავშირდებოდა პირველი ადამიანის და კაცობრიობის მამის –  მანის სამ ვაჟს. თითოეული ტომი დროის სვლასთან ერთად ვითარდებოდა, მრავლდებოდა და იყოფოდა უფრო და უფრო მეტ ეთნიკურ ნაწილად. თუმცა მითოსში ინახებოდა ცოდნა მათი საერთო წინაპრების და წარმოშობის შესახებ. ამ პროცესში მოხდა ე.წ. არისტოკრატიის, ანუ გარკვეული ჯგუფის გამოყოფა. ისინი პრეტენზიას აცხადებდნენ ღვთაებრივ წარმოშობაზე. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ინგევონები. ისინი ამბობდნენ რომ პირდაპირ კავშირში იყვნენ ღვთაება ინგთან. თუმცა შემდგომში იგივეს აცხადებდნენ სვევები და ინგლინგები.

ცალკე უნდა აღინიშნოს გერმანული წარმოშობის ეთნიკური ჯგუფი – გოთები. მათ ჯერ კიდევ ჩვ.წ. მესამე საუკუნეში რომაელთა იმპერიის საზღვართან შექმნეს საკუთარი მმართველობა.  საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გოთების ისტორიას გადმოგვცემს არა უცხო, არამედ საკუთრივ გოთური წარმოშობის ავტორი. მისი სახელია იორდანი. ის ცხოვრობდა ჩვ.წ. მეექვსე საუკუნეში, როცა გოთების სამეფო გერმანარიხი ჰუნების მხრიდან განიცდიდა შევიწროებას. ჰუნების გარდა გოთებს ასევე განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდათ რომაელებთანაც.  ჩვ.წ. მესამე საუკუნეში გოთებმა გაარღვიეს კიდეც რომაელთა საზღვარი დუნაიზე.

იორდანმა კარგად იცოდა ძველი გოთური გადმოცემები, მათ შორის მითები ხალხთა დიდი გადასახლების შესახებ. მისი თქმით გოთების სამშობლო იყო კუნძული „სკანდსა“. მკვლევარები ამ სახელს უკავშირებენ სკანდინავიას.

გოთები იყოფოდნენ ორ ნაწილად: ვესტგოთებად და ოსტგოთებად. ამ უკანასკნელთა მმართველები იყვნენ დიდგვაროვანი ხალხი – ბალტები და ამალები. ამალების წინაპრად ითვლებოდა ვინმე გაუტი. მის სახელს უკავშირდება თავად ეთნონიმი „გოთი“. აღსანიშნავია, რომ გაუტი იყო ოდინის ერთერთი სახელი. ვესტგოთებს მართავდა ნახევრად ღვთაებრივი წარმოშობის ხალხი – ანსები. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სკანდინავიური მითოსის ღვთაებებს – ასებს.

გოთები უმაღლეს ღვთაებად აღიარებდნენ ომის ღმერთ მარსს. მას მსხვერპლად სწირავდნენ ტყვეებსა და ომის დროს მოპოვებულ ალაფს. იორდანის თქმით მარსი ითვლებოდა გოთების წარმომშობ ღვთაებად.  მარსს უკავშირებენ გერმანელ ომის მღერთს ტივაცს – იგივე ტირს. ღვთაება მარსისადმი მსხვერპლად შეწირულ ტყვეებს ჰკიდებდნენ ხეებზე. ეს რიტუალური მომენტი უკავშირდება სკანდინავიურ მითოლოგიას. ოდინმა  დაამარცხა ტირი და შუბით მიაჭედა ის იგდრასილზე.

გოთურ მითოსში დიდი ადგილი ეთმობა „აღთქმული ქვეყნის“ „მიწიერი სამოთხის“ თემას. იოდრანის თქმით – როდესაც გოთები ბალტიის ზღვიდან გაემართნენ სამხრეთისაკენ მდინარე ვისლაზე ცურვისას გოთების მეფემ შენიშნა არამიწიერი მშვენების მქონე კუნძული, ქვეყანა, რომელიც სავსე იყო ნაყოფიერი მინდვრებითა და ტყეებით. მას უწოდეს  „ოიუმი“, რაც გოთურად ნიშნავდა „წყლით შემოსაზღვრულს“. გოთებმა ააგეს ხიდი და და მათი ნაწილი გადავიდა კუნძულზე, თუმცა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა, მისი აღდგენა კი შეუძლებელი გახდა.

მიწიერი სამოთხის მოტივები გვხვდება  ასევე  გვიანი პერიოდის ისლანდიურ საგაში, რომელიც მოგვითხრობს დიად მოგზაურზე, სახელად ეირიკზე.  წარმოშობით ნორვეგიელი ეირიკი წავიდა ჯადოსნური ქვეყნის „ოდაინსაკის“ მოსაძებნად, მას უკვდავების წყარო უნდა მოეპოვებინა.  მოგზაურობისას ეირიკმა მიაღწია კონსტანტინოპოლს, სადაც გაქრისტიანდა. ამის შემდეგ მან გააგრძელა გზა და როგორც იქნა მიადგა ოდაინსაკს. ეირიკმა როგორც კი გადალახა მდინარეზე გადებული ხიდი, მაშინვე აღმოჩნდა დრაკონის ხახაში. თუმცა მან წარმატებით დასძლია ეს სირთულა და დრაკონის კუჭის გავლით გადავიდა თავის საოცნებო ქვეყანაში. სამწუხაროდ ეირიკს იქ იმედგაცრუება ელოდა. ჯადოსნური ქვეყნის ნაცვლად მაშ იქ დახვდა ანგელოზი, რომელმაც უთხრა, რომ ოდაინსაკი არც მეტი და არც ნაკლები – უბრალო ილუზია და მოჩვენება იყო. ქვეყნად არსებობს მხოლოდ ერთი – ქრისტიანული სამოთხე, სადაც ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ქრისტეს აღიარებს. ეირიკმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა ჯადოსნური ქვეყნის ძიებისათვის, დაბრუნდა ნორვეგიაში და იქ იქადაგა ქრისტიანობა.

დავუბრუნდეთ ჩვენს გოთებს, რომლებმაც ვერ შეაღწიეს ოიუმში. მათ გააგრძელეს გზა და ბოლოს მიადგნენ სკვითიას, პონტოს, იგივე შავ ზღვასთან. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ გოთები იყვნენ იმ დროისათვის მეტად მაღალგანვითარებული კულტურის მატარებელი ხალხი. სხვა გერმანიკულ ერებს შორის მათ პირველებმა შექმნეს საკუთარი დამწრელობა – რუნები. ისინი მას იყენებდნენ მაგიური შელოცვების გამოსახატავად. საკუთარი ერის სიდიადეს იორდანი მუდმივად უსვამს ხაზს. ის აცხადებს, რომ გოთებმა არა მხოლოდ სკვითები, არამედ ეგვიპტის მერე, სპარსი დარიოსი და თვით კეისარიც კი დაამარცხეს. რაც რათქმაუნდა არ შეეფერება სინამდვილეს. იორდანი ასევე გვიყვება გოთების დაუძინებელი მტრის – ჰუნების წარმოშობის შესახებ. მისი თქმით სკვითთა მიწაზე გოთებმა იპოვეს ჯადოსან ქალთა ტომი – გალიურუნები. გოთების მეფემ ისინი გააძევა სკვითთა მიწიდან. უდაბნოში გალიურუნებმა კავშირი დაამყარეს ბოროტ ძალებთან და ასე წარმოიქმნენ ბოროტი, უსახური და ველური – ჰუნები. თავდაპირველად ჰუნები ცხოვრობდნენ მეოტიის ჭაობებში (სავარაუდოდ აზოვის ზღვა) და მათ არ იცოდნენ გოთების ადგილსამყოფელი, სანამ ჯადოსნურმა ირემმა არ უჩვენა გზა. უნდა აღინიშნოს, რომ გოთები თავს ჰუნებზე აღმატებულად მიიჩევდნენ და თვლიდნენ, რომ მათგან განსხვავებით ღვთაებრივი წარმოშობა ჰქონდათ.

შუა საუკუნეების ისლანდიურ საგაში, რომელიც ჰუნების მიერ გოთების განადგურებიდან ათასი წლის შემდეგ დაიწერა – ნათქვამია, რომ გოთებმა ბრძოლის წინ დაწერეს შელოცვა – „დაე მინდვრები აივსოს ჰუნების გვამებით და თვით ოდინმა  განგმიროს ისინი შუბით“. ზოგი მკვლევარის აზრით ეს იყო მოწინააღმდეგის ოდინისადმი წინასწარი მსხვერპლთშეწირვა, მსგავსი პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული სკანდინავიელებთან, რაზედაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.